უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, დანახარჯები, რომლებსაც კომპანიები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაცვლისთვის გაწევენ, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება. დღეისთვის ამ შეღავათებით სარგებლობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ სამ მსხვილ კომპანიას, "საქართველოს ბანკს," "თიბისი ბანკს" და "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს" შეუძლიათ. ბიზნესასოციაციაში აცხადებენ, რომ ცვლილება აღნიშნული კომპანიების მოთხოვნამ განაპირობა, რადგან საერთაშორისო ბირჟებზე გასვლა დიდ დანახარჯებს უკავშირდება.
დარგის ექსპერტთა შეფასებები მსხვილი ბიზნესის მიმართ დაწესებულ შეღავათებთან დაკავშირებით განსხვავებულია. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მსხვილი და მცირე ბიზნესის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. "სწრაფად ხდება იმ საკანონმდებლო ინიციატივების მიღება, რაც მსხვილ ბიზნესს უნდა, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესი იმისთვის იბრძვის წლებია, რომ კანონში მოხდეს დეფინიცია, რა არის მცირე ბიზნესი ან საშუალო ბიზნესი და ამას ვერ აღწევენ,"- ამბობს ჯანიაშვილი.
" გადასახადის გადამხდელთა კავშირში" კი მიიჩნევენ რომ ეს სწორი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გასვლის დანახარჯებთან დაკავშირებით, 2012 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე გავრცელდება.