დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა შედგა, რომლის უმეტესი დრო სხვადასხვა კომისიების ანგარიშების მოსმენას დაეთმო.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიში 2015 წელში გაწეული მუშაობის შესახებ" _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების მიღების თაობაზე, _ ისაუბრა აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ გელა ჩავლეშვილმა.
"კომისიაში 11 წევრია. წლის მანძილზე სულ 35 სხდომა ჩატარდა, სადაც 44 საკითხი განვიხილეთ. სულ საანგარიშო პერიოდში 22 დასკვნა იყო გამოტანილი, რომელთა უმეტესობა დადებითი იყო. ერთი საკითხი, რომელიც მიწის გადასახადს ეხებოდა, კომისიის სხდომაზე მიღებული სახით საკრებულომ არ დაამტკიცა," _ თქვა ჭაკნელიძემ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა კომისიების სხდომების შესახებ. კერძოდ, მან დეპუტატებსა და კომისიების წევრებს თხოვა, ნებისმიერი კომისიის სხდომაზე იაქტიურონ, კარგად გაიაზრონ ყოველივე, რომ არ მოხდეს კომისიების როლის დაკნინება. დიმიტრი კვერღელიძემ ასევე განმარტა, რომ ყველა კომისიის ანგარიში ერთი კვირით ადრე ატვირთულია მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და შესაძლებელია, ვრცლად გაეცნონ. საკრებულოს სხდომაზე კი ანგარიში უფრო მოკლედ და კონკრეტულად წარმოადგინონ.
მიუხედავად კვერღელიძის მოსაზრებისა, საბოლოოდ დეპუტატებმა განკარგულებების მიმართ დამოკიდებულება კენჭისყრით დადებითად გამოხატეს.