"შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრეპარატ „ჰერცეპტინით“ ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის კურსს დააფინანსებს“ _ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მედიკამენტს მიმდინარე თვის განმავლობაში, რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 80%-იანი დაფინანსებით მიიღებენ.
ამ დროისთვის, მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ერთწლიანი კურსი დაახლოებით 50.000 ლარს შეადგენს, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციართა მხრიდან დანახარჯი 7.000 ლარამდე შემცირდება. ასევე, დავით სერგეენკოს განცხადებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებითვის დამატებითი შეღავათები განხორციელდება.
დაბალი ფინანსური ხელმისაწვდომობის გამო, საქართველოში მედიკამენტ „ჰერცეპტინით“ პაციენტების მხოლოდ 5-10% მკურნალობს. პროგრამის მეშვეობით კი ისინი 20%-იანი თანაგადახდით ძუძუს კიბოს მკურნალობას ადრეულ სტადიაზევე შეძლებენ.
2016-2015 წლებში ძუძუს კიბო გლობალური პრიორიტეტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში, ონკოლოგიურ პაციენტ ქალებში სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა. მათ შორის, 20-25%-ში ყველაზე აგრესიული – HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო აღინიშნება, რომლის ადრეულ სტადიებზე (I-III) განკურნების საუკეთესო შანსს სწორედ „ჰერცეპტინით“ მკურნალობის ერთწლიანი კურსი წარმოადგენს.