ნიგერიულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ნავთობით დატვირთული ტანკერი „Leon Dias“-ი შეიპყრო, რომელზეც რუსი, ფილიპინელი და ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას 4 თებერვალს სააგენტო „Associated Press“-ი დანიური საკონსულტაციო კომპანია „Risk Intelligence''-ის დირექტორის დირკ სტეფანის მიწოდებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს გემის ეკიპაჟი გამოსასყიდის მიღების მიზნით ჰყავთ დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული თვითგამოცხადებული სახელმწიფო ბიაფრას მებრძოლები არიან.
„AP“-ი იუწყება, რომ შეიარაღებული ჯგუფი ბერძნულ ხომალდს თავს 31 იანვარს დაესხა და გემის ეკიპაჟის 5 წევრი დაატყვევა. მათ შორის ორი რუსია (მთავარი მექანიკოსი), ორი ფილიპინელი (კაპიტანი და მესამე მექანიკოსი), ხოლო მეხუთე ქართველი – ზეინკალი გახლავთ.
ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც საკუთარ თავს „გენერალ ბენს“ უწოდებს, გემის აფეთქებით დაიმუქრა, თუკი ნიგერიის ხელისუფლება ტერორიზმისთვის დაკავებულ აკრძალული რადიოსადგურის ბიაფრას დირექტორს ნნამდი კანუს არ გაათავისუფლებს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ნიგერიის ხელისუფლებას თავდამსხმელთა მოთხოვნაზე კომენტარი არ გაუკეთებია და მხოლოდ განაცხადეს, რომ ტანკერი ამჟამად ბენინის სანაპიროს მახლობლად იმყოფება.