სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს შეხვდა.
ჯეიმს ვოლში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიუროს (INL) მუშაობის მიმართულებას კურირებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ესტუმრა.
შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასა და სასჯელაღსრულების სფეროში აშშ-თან თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
მინისტრმა ამერიკულ მხარეს INL-ის პროექტის ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თანამშრომლობის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის კუთხით ბევრი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა – ხორციელდება მასშტაბური რეფორმა; გაიხსნა N16-ე დაბალი რისკის დაწესებულება; დაიწყო დაწესებულებებში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით განაწილების პრაქტიკა; ტრენინგ კურსები გაიარეს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა და სხვა.
"ფასდაუდებელია ის მხარდაჭერა, რასაც ამერიკული მხარე რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა შეფასებაში და N16-ე დაბალი რისკის დაწესებულებაში სექტორული მართვის (ე.წ იუნით მენეჯმეტის) საკითხში გამოცდილების გაზიარების კუთხით გვიწევს", – განაცხადა კახა კახიშვილმა და პრობაციის სამსახურის რეფორმირების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებსაც გაუსვა ხაზი.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში არსებულ მცირე მასშტაბის კაპიტალურ სამუშაოებზე მსჯავრდებულთა დასაქმებას, ასევე, ონლაინ მაღაზიის მეშვეობით მსჯავრდებულთა ნაკეთობების რეალიზაციას გულისხმობს. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულებს საბანკო ანგარიშზე დაერიცხებათ. მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში საწარმოების გახსნისა და ამ კუთხით ამერიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"დასაქმების გარეშე კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების გამიჯვნა იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სურთ მუშაობა და რესოციალიზაციის პროექტებში ჩართვა, ძალიან რთულია. ბუნებრივია, ეს პროცესი, რისკების შეფასებაშიც დიდ როლს შეასრულებს", – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრის თქმით, უკვე გაიხსნა N6 მაღალი რისკის დაწესებულება, ახლო მომავალში კი, პრობაციის სააგენტოში ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის გახსნა იგეგმება.
კახა კახიშვილმა სისტემის დეპოლიტიზებისა და მისი მდგრადობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სისტემა იმდენად მყარი უნდა იყოს, რომ მასზე მთავრობის ან მენეჯმენტის ცვლილებამ გავლენა ვერ მოახდინოს.
ჯეიმს ვოლში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხით დაინტერესდა, მათ შორის იყო სწორედ რისკების მიხედვით გადანაწილება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ასევე, პრობაციის სააგენტოს საქმიანობა. მან მიღწეული შედეგები დადებითად შეაფასა და მხარდაჭერა გამოხატა.
"სასიამოვნოა, რომ გაქვთ ძალიან ბევრი გეგმა და წარმატებაც სახეზეა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ უშაობთ იმ სამი მიზნის განსახორციელებლად, რომელიც აშშ-ში ვიზიტის დროს დაასახელეთ – მსჯავრდებულთა დასაქმება, მაღალი რისკის დაწესებულების გახსნა და ელექტრონული მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ამ კუთხით, დადებითი სიახლეების შესახებ მივიღე ინფორმაცია", – განაცხადა ჯეიმს ვოლშმა და მინისტრს მსჯავრდებულთა მიმართ ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე, სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
ჯეიმს ვოლში საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 10 თებერვალს N16 დაბალი რისკის დაწესებულებასაც ეწვევა.
(R)