ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უფლებამოსილება დაბა ნასაკირალის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს შოთა ართმელაძეს, ოფიციალურად უკვე შეუწყვიტა.
ქალაქ ოზურგეთში ვადამდელი არჩევნები 2016 წლის მაისში ჩატარდება.
"თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, მაშინ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნები იმართება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, ამ შემთხვევაში მაისში." _ განუცხადა ცესკოს სპიკერმა ანა ამიქელაძემ "გურია ნიუსს."
"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაბა ნააკირალის საჯარო სკოლის ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებელი ნონა ტუნაძე იყრის კენჭს. ტუნაძის მეუღლე პოლიციელი ჯუმბერ ფუტკარაძეა.
აღნიშნული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" არ უარყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
"ჯერ ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი, სამ დღეში გაირკვევა,"_ გვითხრა დარჩიამ.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ბრალდებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაბა ნასაკირალიდან შოთა ართმელაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციულ ერთეულში ტარიელ ანთაძე 2015 წლის ივლისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაბა ნასაკირალის ტერიტორიაზე მდებარე უმოქმედო სკოლის შენობის სათანადო ნებართვისა და პროცედურების გავლის გარეშე ერთწლიან სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, თურქეთის და საქართველოს მოქალაქეებს ქრთამის სახით 2000 აშშ დოლარი და 1000 ლარი გამოართვეს.