თვალებით შეიძლება, ამოიცნო ჯანმრთელია თუ არა ორგანიზმი. მზერაში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია და თვით დაავადებებიც კი.
ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.
ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ, აუცილებლად შეიმოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზები.
მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის მანიშნებელია.
თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელებისა და ფარისებრი ჯირკვლის ცუდი მუშაობის მაჩვენებელია. მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.
თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, ხშირად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, კონტაქტური ლინზების არასწორად და ხანგრძლივად გამოყენების შედეგი, ან თუნდაც უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების ბრალიც იყოს.
თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო კი, ხშირად სწორედ დაქვეითებულ იმუნიტეტზე მიგანიშნებთ.