მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განაცხადა.
"პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. რეაგირება იქნება უმკაცრესი, რადგან ეს არის ამაზრზენი და ამორალური დანაშაული. ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი", – განაცხადა გიორგი გოგაძემ.
მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს. კერძოდ, ღურწკაია მედიით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ცდილობდა.