ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნია მექვაბიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გენდერული თვალსაზრისით არის პრობლემები. მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ ჭანუყვაძეს ხშირად ესაუბრება გენდერის საკითხებზე.
"ძირითადად გამოიკვეთება ერთი პრობლემა, ეს არის ოჯახში ძალადობის ფაქტები. ხშირად მოგვმართავენ ამ საკითხთან დაკავშირებით, უფრო მეტად კი ითხოვენ თავშესაფარს. დღეს დგას ის პრობლემა, რომ ოზურგეთში არ არის თავშესაფარი, სადაც ძალადობის მსხვერპლს გადავიყვანთ. მაგრამ ამ ეტაპზე ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ რაიმე სახსრები გამოიყოს და მცირე თავშესაფარი გაკეთდეს მუნიციპალიტეტში." – გვითხრა ნია მექვაბიშვილმა.
G-News TV-ის ყოველკვირეული გადაცემა "არჩევანი – მე" დაინტერესდა, რა რჩევებს აძლევს ნია მექვაბიშვილი გამგებელს.
"მინდა ვთქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ყოველთვის ითვალისწინებს გენდერული თვალსაზრისით რჩევებს, რაც აისახება შემდგომში: 2016 წლის ბიუჯეტის შედგენის დროს შემოსული რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებიც იყო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული, გათვალისწინებულია. მე გამგებელს მივაწოდე რჩევები, იყო თუ არა ეს გენდერული თვალსაზრისით ხელსაყრელი.
მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ შემოიტანა პროექტის გაგრძელება "კიბო განაჩენი არ არის", რომელიც ითვალისწინებს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის ფსიქო-რეაბილიტაციას. ასევე გვინდა ოზურგეთში ჩამოვიყვანოთ სკრინინგ-ცენტრის ექიმები. ეს პროექტი 2016 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში დაფინანსებულია. ეს არ არის სრული სია, რაც გათვალისწინებულია 2016 წლის ბიუჯეტში."- თქვა ნია მექვაბიშვილმა.