საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საჭიროა, ეროვნული ვალუტის მიმართ გაღრმავდეს ნდობა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს არის დედოლარიზაციის – ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.
გვენეტაძის განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე. იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებადმტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება.
კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციის რეგულირებისათვის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის. ამიტომ პრობლემების გადასაჭრელად ეროვნულ ბანკს საზოგადოებასა და ეკონომიკური აგენტებს შორის კომუნიკაციის პროცესი უნდა გაღრმავდეს. ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები უნდა მიაწოდოს მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს.
კობა გვენეტაძის აზრით, აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე.
"უნდა გაღრმავდეს კომერციული ბანკების სტაბილურობის პროცესი, რადგან მათი გამართული ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და კაპიტალის ბაზარი", – განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.