"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასული კვირის მიწურულს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში ქარსაფარ ზოლში ხანძარი იყო.
"დაახლოებით 5-6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა. ცეცხლი წაეკიდა ასევე ნაძვის ხეებს" – გვითხრეს გურიის სამაშველო სამსახურში.
დაბა ნარუჯაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, ზვიად მიქელაძის თქმით, დიდი საშიშროება იყო, რომ მოცვის პლანტაციებში გადასულიყო ცეცხლი, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ჩაქრობა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ათეულობით ნაძვის ხე დაიწვა. ზუსტი რიცხვი, რამდენი ნაძვის ხე შეეწირა ხანძარს, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ზვიად მიქელაძის თქმით, ზუსტ რიცხვს დღის პირველ ნახევარში გვეტყვიან.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცეცხლი დაბა ნარუჯაში ქარსაფარ ზოლში საზაფხულო სამუშაოების გამო გაჩნდა.