ქალაქ ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
აღნიშნულ ქუჩაზე გზაგამყოფის მშენებლობის შემდეგ გამწვანების სამუშაოები დაიწყო.
ემონიუსის ჯიშის მარადმწვანე მცენარე, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე დაირგო, ყინვაგამძლეა და დასავლეთ საქართველოს კლიმატურ პირობებს კარგად ეგუება. ემონიუსი გამწვანების სისტემაში ვიზუალურად ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მცენარეა.
დარგვის სამუშაოებს ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ქალაქის მერი სამუშაო პროცესში თავადაც აქტიურად ჩაერთო.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ქუჩების რეკონსტრუქციის სამუშაოები ქალაქის მერიამ გასული წლის ბოლოს დაიწყო. გაკეთდა გზაგამყოფი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ქალაქის იერ-სახე, დაარეგულირა მოძრაობა, როგორც ქვეითთა, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო გახადა.
"სამწუხაროდ, ჩვენს ქალაქში გამწვანების კუთხით წლების მანძილზე არაფერი კეთდებოდა, თორემ დღეს ოზურგეთი ბევრად ლამაზი ქალაქი იქნებოდა.
ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალურ ქუჩაზე უკვე გავაშენეთ დეკორატიული მუხის ხეები. ამჟამად ჭავჭავაძის ქუჩის გამწვანება მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება და ვფიქრობთ, მისი დასრულების შემდეგ ჩვენი ქალაქი გაცილებით ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, ვიდრე დღეს არის," _ განაცხადა ქალაქის მერმა.
გამწვანების სამუშაოები ქალაქის მასშტაბით სხვა ქუჩებზეც გაგრძელდება.
(R)