ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტების შესახებ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ის თანამდებობის პირები არ ეთანხმებიან, რომლებზეც კითხვის ნიშნები არასამთავრობო ორგანიზაციას გაუჩნდა.
ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში მითითებული მონაცემებია გადამოწმებული.
კვლევის მიხედვით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები დაფიქსირდა. კერძოდ, კვლევისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თანამდებობის პირი და მათი ოჯახის წევრები სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, თუმცა ამის შესახებ დეკლარაციებში მითითებული არაფერი აქვთ.
"გურია ნიუსი" ყველა იმ პირს დაუკავშირდა, რომლებზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევაშია საუბარი.
ყველა მათგანი ამბობს, რომ მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციებში "სავარაუდოდ, გამორჩათ".
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გოჩა კაკოიშვილი, რომლის მეუღლეც TI-ს კვლევის მიხედვით, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში ფიგურირებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ "ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი" ჰქონოდა.
"შესაძლოა, გამომრჩა დეკლარაციაში ამის მითითება, მაგრამ ეს ისეთი საკითხი ეს არ არის, რომ რამე დასამალი ან დასაფარი მქონოდა. ალბათ, ელემენტარული შეცდომა მაქვს დაშვებული, ახლა ვერ ვიხსენებ რატომ გამომრჩა. ვნახავ დეკლარაციას და შევამოწმებ ნამდვილად მაქვს გამორჩენილი თუ არა. ვერ ვიხსენებ ახლა, იმიტომ, რომ დეკლარაციის შევსებაზე რამდენჯერმე დამიკავშირდნენ თბილისიდან, შეცდომებს ვასწორებდი ნელ–ნელა. დეკლარაცია რომ შევავსე, იყო პრობლემები. არც ისეთი არ არის ეს მცირე საწარმო, რომელიც ჩემს მეუღლეს აქვს, რომ რამე დასამალი ყოფილიყო და რამეში გამომდგომოდა მისი დამალვა", _ აღნიშნავს კაკოიშვილი.
მისივე თქმით, თუ მაღაზიიდან (კვლევის მიხედვით, კაკოიშვილის მეუღლე ირინა კაკოიშვილი, ზესტაფონში საკანცელარიო მაღაზიის მფლობელია; ავტ.) რამე იყიდა გამგეობამ და ამაზე რაიმე ხელშეკრულება გაფორმდა და თუ შესყიდვა ტენდერს არ ექვემდებარება, ამაში დარღვევა არაფერია.
"რა ინტერესი უნდა იყოს? თუკი ტენდერი იყო გამოცხადებული და ასე მოხდა შესყიდვა, გეუბნებით, რომ ტენდერში მას მონაწილეობა არ მიუღია. კიდევაც რომ მიეღო, ეს დაფიქსირდებოდა, რადგან მე ტენდერების კომისიის წევრი ვარ.
ვფიქრობ, რომ ალბათ, მოკვლეული საბაზრო ფასთან დაკავშირებით მოხდა აღნიშნული ქმედება, რადგან ჩემს მეუღლეს დაბალ ფასში აქვს საქონელი და ალბათ, ამიტომ მოხდა გარიგება, შესყიდვა გამგეობის მხრიდან. მე რომ რაიმე ინტერესი მქონდეს ჩადებუი, რომ გინდათ თუ არა ჩემს მეუღლეს ხელშეკრულება დაუდეთ–თქო, ამის წინააღმდეგიც ვარ, პირიქით.
მე ამაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ, მაგრამ, გამოიძიონ ეს ფაქტი, თუ გამოიკვეთება, რომ სპეციალურად გავაფორმეთ ხელშეკრულება, ან მაღალ ფასებში გვაქვს საქონელი და გარიგება მოხდა, რითაც ჩვენ ვისარგებლეთ, მზად ვარ ვითანამშრომლო ნებისმიერ უწყებასთან", _ აცხადებს კაკოიშვილი.
რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულ კიდევ ერთ ფაქტს, რომლის მიხედვითაც, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე კახა შავგულიძე ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული და მან საკუთარი ავტომანქანა დასუფთავების სამსახურს მიაქირავა, ორგანიზაციის შეფასებით, ინტერესთა კონფლიქტის ნიშნებს შეიცავს.
თუმცა, კახა შავგულიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას განმარტავს, რომ არანაირ დარღვევას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
"ტყუილი წერია მაგ კვლევაში, პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ხელშეკრულება მქონდა დასუფთავების სამსახურთან გაფორმებული და ჩემს სამაჟორიტარო ოლქში დასუფთავებისთვის ვათხოვე მათ ჩემი კუთვნილი ავტომანქანა, რადგან მათ არ ჰქონდათ შესაბამისი სატრანსპორტო ავტომანქანა. ქირავნობის ხელშეკრულება გვაქვს ფორმალურად გაფორმებლი, თუმცა, არცერთი თეთრი არ ჩამრიცხვია. ორ კვირაზე მეტი ხანი არ დაჭირვებიათ და არც გამოუყენებიათ. თუ მათ ეს ავტომანქანა დაჭირდებათ შემატყობინებენ. დღემდე ერთი თეთრი არ მიმიღია დასუფთავების სამსახურიდან", _ აღნიშნავს შავგულიძე.
რაც შეეხება კვლევაში აღნიშნულს, რომ თანხა "შავგულიძის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხარისხო შესრულების გამო" არ ჩაირიცხა, ამას თავად შავგულიძე უარყოფს და აცხადებს, რადგან მანქანა დასუფთავების სამსახურმა არ გამოიყენა, თანხაც არ ჩარიცხვია.
"მანქანა წაყვანილი ჰყავდათ, თუმცა არ გამოუყენებიათ. ვნახავ ამ კვლევას და თუ რაიმე იურიდიული საკითხია გასარკვევი, აპელაციას გავუკეთებ. ვიღაცა რომ იტყვიან პიროვნულად არის დაინტერესებული (შავგულიძე არ აკონკრეტებს ვის დაინტერესებაზე საუბრობს; ავტ.). მანქანას ვაქირავებ, მივუყვანე დასუფთავების სამსახურს და დავუყენე ეზოში მუშა მდგომარეობაში, რაღა არ შევასრულე?! თუმცა, როგორც გითხარით არ გამოუყენებიათ და არც საბოლოო ანგარიშსწორება მომხდარა.
სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი კუთვნილი მანქანაა… ეს მანქანა სოფელ ქვედა საქარას შევუძინე ნაგვის გასატანად. ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის ფონდს ვათხოვე იმისთვის, რომ ნაგავი გაეტანათ სოფლიდან. ამ ფონდს გაჰქონდა ნარჩენები 8 თვის განმავლობაში, მერე დადო პროექტი მუნიციპალიტეტში სამუშაოს გაგრძელების თაობაზე, რომ მანქანები შეეძინათ. ამას დაემთხვა ნარჩენების მართვის კოდექსის ამოქმედება 2016 წლის იანვრიდან, ამიტომ, დროულად ვიმოქმედე და ნარჩენების გატანის პროექტი განვახორციელეთ. ამის შემდეგ დასუფთავების სამსახურმა ითავა ნარჩენების მართვის პროექტის განხორციელება ქვედა საქარაში და იმისთვის, რომ ხელი შეწყობოდა მას, ვიდრე სხვა სატრანსპორტო საშუალებას შეიძენდა, ჩემი კუთვნილი ავტომანქანა მივაქირავე, თუ ეს დაჭირდებოდა. ჩემი ინტერესია, სოფელი იყოს დასუფთავებული საყოფაცხოვრებო ნაჩენებისგან, სხვა ინტერესი ამ კუთხით არ გამაჩნია", _ ამბობს შავგულიძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ დეკლარაციები არასრულად მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირებსაც აქვთ შევსებული. კერძოდ, კვლევაში აღნიშნულია, რომ ამ თანამდებობის პირებს არც თავისი და არც მათი ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვთ.
თუმცა, "გურია ნიუსთან" საუბრისას ყველა მათგანი აცხადებს, რომ ამის მითითება დეკლარაციაში დაავიწყდათ ან საჭიროდ არ ჩათვალეს, რადგან სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა სუქნიძე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, რომ მისი მეუღლე ზაალ კაპანაძე ნამდვილად იყო დარეგისტრირებული ინდმეწარმედ, მაგრამ, მისივე ინფორმაციით, სტატუსი შეწყვეტილი აქვს.
"როგორც ვიცი, ეს სტატუსი შეწყვეტილი აქვს. რაიმე ტექნიკური შეცდომა თუ გაიპარა დეკლარაციაში, შემიძლია გავარკვიო საჯარო ან სამოქალაქო რეესტრში. ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო. ჩემი მეუღლე ამჟამად მუშაობს პოლიციის აკადემიის პრორექტორად. არა მგონია, რომ თან ინდმეწარმე ყოფილიყო და თან ამ თანამდებობაზე იყოს. ნამდვილად ვიცი, ორივე თანამდებობას ვერ შეითავსებს. თუ რაიმე ხარვეზია, გავასწორებთ", _ ამბობს სუქნიძე და დასძენს, რომ დამატებით დოკუმენტაციას ამასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოგვაწვდის.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი, ნუგზარ ფერაძე კი აცხადებს, რომ "არ იყო იმის საჭიროება", დეკლარაციაში მისი სამეწარმეო საქმიანობა ჩაეწერა, რადგან სტატუსი შეჩერებული აქვს.
"წელს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ 2008-ში ან 2009 წელს მაქვს ინდმეწარმის სტატუსი გაჩერებული (კვლევის მიხედვით, ფერაძე ინდმეწარმედ 2009 წელს დარეგისტრირდა; ავტ.). მე როგორც მერე ვიკითხე, არ იყო იმის საჭიროება, რომ დეკლარაციაში მიმეთითებინა, ინდმეწარმე რომ ვიყავი. ჩემს გარშემო ვინც ურთიერთობს იმათთან გავიარე კონსულტაცია, საახლობლოსთან. იურისტებთან არ გამივლია ეს კონსულტაცია. მე თვითონ ხომ ვიცოდი, რომ შეჩერებული მქონდა სტატუსი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიმეთითებინა? შეჩერების დოკუმენტაცია მაქვს, მაგრამ ახლა ხელთ არ მაქვს, საგადასახადოში მივალ, ამოვიღებ მოგაწვდით ამ დოკუმენტაციას ამ დღეებში.
როცა მე საკრებულოში თანამდებობის პირი ვიყავი და დეკლარაცია შევავსე, დამიკავშირდნენ სააგენტოდან და მითხრეს, რომ არასწორად იყო გარკვეული გრაფები შევსებული. მას შემდეგ რაც ეს გავასწორეთ, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. 2015 წლის 27 ნოემბრიდან თანამდებობის პირი აღარ ვარ", _ ამბობს ფერაძე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზემოთ აღნიშნულ პირებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ მოკვლევის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ყველა მათგანი აცხადებს, რომ განმარტებისთვის ორგანიზაციიდან არავინ დაკავშირებიათ, შესაბამისად, არც რაიმე დოკუმენტაცია მიუწოდებიათ.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ თემაზე მუშაობას აგრძელებს. დოკუმენტაციის მოწოდების შემთხვევაში, ამ ინფორმაციასაც გამოვაქვეყნებთ.
ამავე თემაზე:
კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის სავარაუდო ფაქტები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში