საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის პარტნიორობა მნიშვნელოვანია:
"ძალიან მნიშვნელოვანი და საქმიანი შეხვედრა შედგა გუშინ საღამოს "რესპუბლიკური პარტიის" რამდენიმე ლიდერთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ პარტნიორობა "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკურ პარტიას" შორის არის მნიშვნელოვანი.
გარკვეული შეთანხმებები, რა თქმა უნდა, მისაღწევი იქნება წინასაარჩევნო პროცესში, თუმცა კოალიცია არის მრავალპარტიული და თუ მრავალაპარტიულ ფორმატში იქნება წინაასაარჩევნოდ "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ორმხრივ ფორმატში იქნება მიღწეული, შემდგომ მრავალმხრივ ფორმატში იქნება დასადასტურებელი.
ერთი რამ უნდა ითქვას, რომ პარტია "ქართული ოცნება" მნიშვნელოვანწილად განახლდება და მოხდება კონსოლიდაცია ერთიანი მიზნების გარეშემო", -განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, თუ კოალიციურ ფორმატში მოხდება არჩევნებზე გასვლა, გუნდი, რომელიც შეიკრიბება, შეიკრიბება ძალიან მკაფიო მიზნების გარშემო.
"ყველაფერი ეს ჯერ კიდევ წინ არის. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. არჩევნებამდე ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ კოალიციურ ფორმატში მუშაობას.
თუ კოალიციაში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა არსებობს და კოალიცია კიდევ იტანს ამ ტიპის სხვადასხვაობას, ჩვენ მთავრობას გვაქვს უმნიშვნელოვანესი მიზნები მისაღწევი, უმნიშვნელოვანესი ამოცანები გადასაჭრელი და მთავრობის მონოლითურობის ხარისხი უნდა იყოს გაცილებით უფრო მაღალი.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ მაქსიმალური ფოკუსირება და კონცენტრირება იმ ამოცანებზე, რომელიც ჩვენ მოსახლეობას გააჩნია, რომელიც არის აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის და ამ მიზნების მიღწევაში უნდა ვიყოთ ერთიანნი", _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.