საქართველოს პრეზიდენტის ადმინსტრაცია დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წამოყენებულ მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ე.წ. "ოდეერის ინსტიტუტის" არსებობა უნივერსიტეტებში მიუღებელია.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები კახაბერ კოჟორიძე და სოფიო შამანიდი დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. პრეზიდენტის წარმომადგენლები უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს ადგილზე პირადად გაეცნენ და სტუდენტების პრობლემები მოისმინეს.
შეხვედრა ასევე გაიმართა პრეზიდენტის მრჩევლებსა და უნივერსიტეტის რექტორ ლადო პაპავას შორის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალსახა პოზიციაა, რომ თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს ე.წ. "ოდეერის ინსტიტუტი", იგი აუცილებლად უნდა გაუქმდეს:
"როდესაც გიორგი მარგველაშვილი გახდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მაშინვე გააუქმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "ოდეერის ინსტიტუტი". თუ ადმინისტრაციაში არ უნდა იყოს მსგავსი ინსტიტუტი, უნივერსიტეტში ასეთი რამ არის სრულიად წარმოუდგენელი. სიტყვა თავისუფლება – სრული დატვირთვით სწორედ უნივერსიტეტში უნდა რეალიზდეს. ეს არის პრეზიდენტის ცალსახა პოზიცია", – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
"მოვისმინეთ მათი პოზიციები. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ უნივერსიტეტში მთავარი არის სტუდენტები, ყველაფერი უნდა ხდებოდეს იმისათვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, თუკი შეიძლება აქ მხარეებზე საუბარი, რომ საკითხი, რასაკვირველია, უნდა მოგვარდეს მოლაპარაკების გზით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩიხი არასოდეს არსებობს და აუცილებლად მოიძებნება კომპრომისული გზა ამ პრობლემის მოგვარებისათვის", – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისინი არ ჩაერევიან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი, თავად უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.