"რესპუბლიკური პარტია" პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ და გავრცელებამ ჩვენს ქვეყანაში უკვე მიიღო უკიდურესად საშიში და ევროინტეგრაციაზე ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის დამანგრეველი ფორმები. ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის, რომ ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟების არც ერთი შემთხვევა არ არის დღემდე გახსნილი და არავინ არ არის დასჯილი. ვინც არ უნდა იყოს ასეთი ჩანაწერების დამამზადებელი და გამავრცელებელი, მათ დაუსჯელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
ჩვენ, რესპუბლიკელები, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის კატეგორიული ვიყავით ამ საკითხში, ამ პასუხისმგებლობის ტვირთს, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი პარტია, ვერ გავექცევით. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პრაქტიკა კიდევ გაგრძელდება, არ იქნება კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება დავარწმუნოთ ვინმე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არ არის ხელისუფლების უსუსურობის ან თანამონაწილეობის გამოვლინება. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური და მორალური ვალია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ პირადი ცხოვრების ჩანაწერებით მანიპულირების ამაზრზენ პრაქტიკას", _ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.