დღეს დილიდან ოზურგეთს მეორე საჯარო სკოლაში უჩვეულიო განწყობა სუფევდა _ მათემატიკის მასწავლებლის ირმა ჭეფხოძის ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება, რომელიც π(პი) რიცხვის (π=3,14159…) მსოფლიო დღეს, 14 მარტს და ამავე დღეს დაბადებულ მოსწავლეებს მიეძღვნა. ვიკიპედიის მიხედვით, პი ან π არის ნამდვილი ტრანსცენდენტური (და ამიტომ ირაციონალური) რიცხვი, რომელიც დაახლოებით 3.14159-ს უდრის და წრეწირის სიგრძის მის დიამეტრთან შეფარდების ტოლია.
პედაგოგის ორიგინალური მიდგომა _ რიცხვის მსოფლიო დღეს დაბადებულ მოსწავლეთათვის, მეშვიდეკლასელთა სახით, ფეხადგმულ "π"-ს მიელოცა იუბილე, მთელი სკოლის აღფრთოვანება გამოიწვია.
"მოხარული ვარ, რომ დღეს ჩემი და შენი დაბადების დღეა. მე მსოფლიო მათემატიკურ საზოგადოებაში სახელი იმით გავითქვი, რომ მუდმივი სიდიდე ვარ, თუმცა, ბოლომდე მაინც არ ვარ გახსნილი. შენ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემ შესახებ, მაგრამ ვიმედოვნებ, ბევრს იმეცადინებ, ბეჯითად ისწავლი და გამიხსენებ მე… ჩემს მილოცვას და სიურპრიზს გადმოგცემენ ჩემი დესპანები მეშვიდე კლასიდან. დიდი სიყვარულით π რიცხვი," _ ამ სიტყვებით მიმართა კლასიდან კლასშ ი მოარულმა იმპროვიზებულმა "π" იმ ყველა იმ მოსწავლეს, ვინც 14 მარტს არის დაბადებული.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ღლონტმა "გურია ნიუსთან" აღნიშნა, რომ ეს იყო მეტად ორიგინალური ფლეშმობი, რამაც ერთნაირად გაახარა როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები და კიდე ერთხელ გამოაჩინა ნიჭიერი, შემოქმედი მასწავლებლის, ირმა ჭეფხოძის სახე.