თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს, სავარაუდოდ, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) თვითმმართველობის წევრები უშლიან.
როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა სტუდენტმა ბექა გაბადაძემ უთხრა, აგრესიულად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფი უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ შეიჭრა და ისინი თვითმმართველობის მხარდამჭერ სტუდენტებთან ერთად ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან.
"უნივერსიტეტში ჯერჯერობით ისევ დაძაბული სიტუაციაა. ადგილაზე კვლავ რჩებიან ცოტა ხნის წინ შენობაში შემოჭრილი ნიღბიანი პირები, რომლებიც თვითმმართველობის მხარდამჭერებთან ერთად ჟურნალისტებს გადაღებაში ხელს უშლიან. მე სამი მათგანი ამოვიცანი, რომლებსაც ნიღბები არ უკეთიათ. ისინი გეპეის თვითმმართველობის წევრები არიან და აგრესიულობით გამოირჩევიან", _ ამბობს გაბადაძე.
აგრესიული ქმედების ფაქტს "გურია ნიუსთან" საუბრისას კურსდამთავრებული ხვიჩა ყაზაიშვილიც ადასტურებს.
რაც შეეხება ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლას, "ნეტგაზეთის" მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ამოწმებენ აგრესიულად განწყობილი პირები ჟურნალისტების მოწმებებს და მათ კამერების გათიშვისკენ მოუწოდებენ.
"გაურკვეველმა პირებმა, რომლებიც თსუ-ს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობდნენ, "ლიბერალისა" და "ნეტგაზეთის" ჟურნალისტებს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების გაშუქებაში ხელი შეუშალეს. ერთ-ერთმა პირმა "ლიბერალის" ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს ფოტოაპარატი დაუზიანა. გარკვეული პერიოდით მობილური ტელეფონი წაართვეს "ნეტგაზეთის" რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ლიბერალის კიდევ ერთ ჟურნალისტს, სოფო გოგიშვილს", _ აღნიშნულია "ნეტგაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსს" ჟურნალ "ლიბერალის" რედაქტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა უთხრა, რომ თვითმმართველობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა, "ლიბერალის" ერთ ჟურნალისტს ყელში ხელი წაუჭირეს, მეორეს კი, კამერა დაუმტვრიეს.
"ერთ-ერთ ჟურნალისტს სოფო გიოგიშვილს ყელში ხელი წაუჭირეს, მეორეს, ბასტი მგალობლიშვილს კი, კამერა წაართვეს და დაუმტვრიეს", _ ამბობს ვარდიაშვილი.