ორგანიზაცია "ახლგაზრდა ადვოკატები" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს თსუ-ში ამჟამად არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადებით მიმართავს და უნივერსიტეტში წესრიგის უზრუნველსაყოფად გადამჭრელი და აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდებს.
"ახალგაზრდა ადვოკატები" აღნიშნავენ, რომ სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა, რომელიც თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის სახელით სარგებლობს, რექტორ ვლადიმერ პაპავას კაბინეტში შეიჭრა.
"წინასწარი ინფორმაციით, განადგურება ემუქრება ინვენტარს და უნივერსიტეტის რელიქვიებს. აღნიშნული ცდება პროტესტის მშვიდობიან ფორმებს. რექტორის გადადგმის მოთხოვნა არ შეიძლება იძულების სახით განხორციელდეს. რექტორის გადადგომა უნივერსიტეტში გააჩენს ახალი დაპირისპირების საფუძვლებს. ამჟამად, მიმდინარე მოვლენებზე, პასუხისმგებლობა უკვე აიღო თსუ-ის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომელიც, თსუ-ის წესდებით და "უმაღლესი განათლების კანონის" თანახმად, უნივერსიტეტში მშვიდობისა და ინსტიტუციური წესრიგის გარანტიაა", _ აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.