ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ადგილობრივი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
როგორც ბეგლარ სიორიძემ აღნიშნა, ქალაქში ინფრაქტრუქტურის მოწესრიგების, დასუფთავების, გარევაჭრობის, უსაფრთხოებისა და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხების ეფექტურად და ოპერატიულად გადაჭრის მიზნით ქალაქის მერიაში სამუშაო ჯგუფი იქმნება.
სამუშაო ჯგუფი მერიის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება. ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანი ქალაქში არსებული პრობლემების სამართლებრივ ჩარჩოში და ეფექტურად გადაჭრა გახლავთ.
ქალაქის მერის განცხადებით, ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას ზემოთხსენებული მიმართულებებით არსებული პრობლემები და ამ მიზნის მისაღწევად ქალაქის მერია ყველა უწყებას თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს.
სამუშაო შეხვედრას გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი თემურ სხირტლაძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი, საგადასახადო ინსპექციის ოზურგეთის სერვის-ცენტრის უფროსი კახა კოსტავა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს უფროსი პაატა ლომთაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი ნინო შეწირული, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის რეგიონული სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი ემზარ ვაშალომიძე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ოზურგეთის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელი გია ნაკაიძე, "სოკარ ჯორჯია გაზის" სამეგრელო-გურიის რეგიონული ოფისის ოზურგეთის სერვის-ცენტრის მთავარი ინჟინერი გია ჩხატარაშვილი და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვის-ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით კიკვაძე ესწრებოდნენ.
(R)