ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა ახალი ინიციატივით გამოდის და მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის მცირე გრანტის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ჩიბათის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს სანერგე მეურნეობა, რომელსაც უშუალოდ სკოლის მოსწავლეები ხელმძღვანელებენ. აქ ბავშვებს საკუთარი ხელით გამოჰყავთ, აფესვიანებენ და ამრავლებენ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს.
როგორც სკოლის წარმომადგენელმა, ლადო აფხაზავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სკოლის სანერგე მეურნეობაში საკმაოდ მრავლად დაგროვდა ქოთნის მცენარეები და სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, მათი გასხვისება არა ნაცნობობით, არამედ ჯილდოს სახით უნდა მოხდეს.
„სკოლის მიერ დაწესებული ჯილდოს მისაღებად მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ჩიბათის სკოლაში უნდა წარმოადგინონ გეგმა, სადაც დეტალურად გაწერილი იქნება თუ რა აქტივობებს განახორციელებენ ისინი ნერგების მიღების შემდეგ. სხვათაშორის, მეტი ობიექტურობისთვის, ჩიბათის საბავშვო ბაღი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ინიციატივის მიზანია საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლება ეკოლოგიური კუთხით. ვფიქრობთ, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ბაღის პედაგოგთა მეტ გააქტიურებას ამ თემის ირგვლივ“, -გვითხრა ლადო აფხაზავამ.