დღეს თბილისში "ბორის პაიჭაძის" სახელობის ცენტრალურ სტადიონზე რაგბში ერთა თასის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. იმის გარდა, რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირებას სხვა დატვირთვა გააჩნია, ამ მატჩით ირკვეოდა როგორც ერთა თასის გამარჯვებულის, ასევე ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასის მფლობელის ვინაობა.
როგორც მოსალოდნელი იყო თავიდანვე დომინირებდნენ ბორჯღალოსნები და ბოლო წუთამდე სარაგბო გაკვეთილს უტარებდნენ ძლიერ მეტოქეს. თუ რუმინელებმა მხოლოდ სამი ჯარიმის გატანა შეძლეს პირველ ტაიმში, ქართველებმა მთლიანობაში 6 ლელოს გატანა მოახერხეს და ეს ყველაფერი ორივე ტაიმზე თანაბრად გადაანაწილეს.
პირველი ტაიმი 24:9 მორჩა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა უფრო გაილაღეს და სარეკორდო ანგარიშით დაამარცხეს კარპატელები. აღსანიშნავია, რომ საბოლოო შედეგს წერტილი შეცვლაზე შესულმა ჩოხატაურელმა ბურჯმა, კახა ასეიშვილმა დაუსვა და მეექვსე ლელოს გატანა შეძლო.
ქართველებმა 38:9 მოიგეს და ერთა თასის გამარჯვებულები და ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასის მფლობელები შეიქნენ. რაც ყველაზე საგულისხმოა, მილტონ ჰეიგის ბიჭებმა მსოფლიოს დაუმტკიცეს, რომ მათთვის ერთა თასი უკვე უმოტივაციოა და ექვსი ერის გათამაშების კარების გაღების დროა.
მაგდა პოპიაშვილის ფოტო