მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გამონაკლის შემთხვევაში, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.
ამ სტატუსის მიღებაზე პრეტენზიები აქვთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლების _ ქვაბღის, ნაბეღლავის, დიდივანის, შუასურებისა და ზემოსურების მოსახლეობას.
სტატუსის მინიჭებას ითხოვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის, ასკანის, ვაკიჯვრის, გომის და ჯუმათის მოსახლეობას.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.
რა სამუშაოები ჩაატარეს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა, რა გადაუგზავნეს მთის განვითარების საბჭოს, რა შეღავათებს ითვალისწინებს კანონი, რა არის საჭირო სტატუსის მისაღებად და რომელია ის კრიტერიუმები, რომელსაც სოფელი უნდა აკმაყოფილებდეს _ ამ თემებზე სასაუბროდ, „გურია ნიუსის“ ინიციატივითა და ორგანიზებით, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“ დიდი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობასთან ურთიერთობის და დეცენტრალიზაციის სამმართველოს უფროსი, მთის განვითარების საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველი პირები და იმ სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებსაც ამ სტატუსის მიღების პრეტენზია აქვთ.
სტუმრები მოსახლეობას კანონზე, მის დადებით და უარყოფით მხარეებზე ვრცლად და გულახდილად ესაუბრნენ და მათ შეკითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს.
_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. აქ არის წარმოდგენილი ყველა მხარე და მოსახლეობას პირველად მიეცა საშუალება უშულოდ იმ პირებისგან მიიღოს დეტალური ინფორმაცია, რომლებიც ამ საკითხში კომპეტენტურები არიან. დიდი მადლობა „გურია ნიუსს“ ასეთი კარგი შეხვედრისთვის, _ აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.
რომელ სოფელს აქვს სტატუსის მიღების შანსი, რას ჰპირდებიან იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებიც საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ _ ამ თემაზე ვრცელ მასალას „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.