თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა. აუდიტის სამსახურმა ინსპექტირება რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩაატარა. მონიტორინგი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა.
ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯები სდასაფინანსებლად გამოყენება და სხვა.
აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივი და არასწორი ხარჯვა, რაც მიუთითებს ბაღის დირექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით აუდიტის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი.