დღეს ცესკოში ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩეოდა. პრეზენტაციას, რომელიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ წარადგინა, პარტიების, საელჩოების, ადგილობრივი სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თამარ ჟვანიამ მათ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის მაჟორიტარული ოლქების საზღვრების დადგენის პროცესში. აღნიშნული კი მოიცავს ინფორმაციას ოლქებში შემავალი ტერიტორიების, ქუჩების და მათი ნომრების შესახებ 30 მაჟორიტარული ოლქისთვის.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ინფორმაცია მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შესახებ უკვე 14 მარტიდან გაასაჯაროვა და მიაწოდა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე დადგენილია 43 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრები; ხოლო თბილისის, ქუთაისის, ბათუმის,რუსთავისა და კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს ადგენს ცესკო. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ცესკომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები უნდა შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არა უგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა.