საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია "წამმზომი ჩართულია."
კამპანიის მიზანია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის პირები, ვინც უკანონოდ შექმნეს/მოიპოვეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2016 წლის 11 მარტს, ხოლო საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს – ვინ მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევის განმეორების რისკი, რაც საზოგადოების ცალკეული წევრის შანტაჟის და მანიპულაციის წარმატებულ პრაქტიკად უკვე ყალიბდება. ამ საფრთხის განცდა სახელმწიფოს აიძულებს, გამოავლინოს ის დამნაშავე პირები, რომლებმაც შექმნეს/მოიპოვეს კადრები და ინტერნეტში გაავრცელეს.
იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა და აღმოიფხვრას დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი, აუცილებელია თითოეული მსგავსი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება გამოძიების შედეგების შესახებ. სწორედ უახლოეს წარსულში მომხდარი მსგავსი ფაქტების გამოუძიებლობამ განაპირობა მნიშვნელოვნად პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის პრაქტიკის დანერგვა.
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის და ლეგიტიმური აუცილებლობის გათვალისწინებით სახალხო დამცველი იწყებს დღის, საათის და წუთის ათვლას დანაშაულის ჩადენიდან – 2016 წლის 11 მარტიდან, დამნაშავე პირების გამოვლენამდე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს – 2016 წლის 11 მარტს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვინ შექმნა და გაავრცელა და როგორ მიმდინარეობს ამ დანაშაულის გამოძიება.
სახალხო დამცველი კამპანიის ფარგლებში, პერიოდულად შეახსენებს საზოგადოებას და საგამოძიებო ორგანოებს ამ დანაშაულის თაობაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.