დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა შედგა, სადაც წარმოადგინეს ერთადერთი საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე."
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი კვერღელიძე დეპუტატებს საკითხის ირგვლივ ესაუბრა.
"ჩვენი მოვალეობაა, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ვუთხრათ, სად შეიძლება გაიკრას არჩევნებში მონაწილე სუბიექტების პლაკატები და სად _ არა. ნასაკირალში ორი საარჩევნო უბანია, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება შეიძლება გარე განათების ბოძებსა და მგზავრთა მოსაცდელში, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების გარდა, საარჩევნო მასალების გამოფენა, სხვადასხვა ობიექტების მესაკუთრეების თუ მფლობელების თანხმობის შემთხვევაში შეიძლება," _ თქვა კვერღელიძემ. მან ასევე მიმართა საკრებულოს აპარატს, რომ 10 დღის ვადაში ინფორმაცია გამოქვეყნდეს ყველა ადგილობრივი მედიასაშუალების მეშვეობით.
განკარგულებას დეპუტატებმა, "ნაციონალების" ჩათვლით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შუალედური არჩევნები დაბა ნასაკირალში 2016 წლის 22 მაისს ჩატარდება.