"2012 წელს იყო სულ სხვა რეალობა, ვებრძოდით დანაშაულებრივ სისტემას, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა და კომპრომისებზე იყო წასვლა საჭირო, ამ გაერთიანების შენარჩუნებაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. 2016 წელს სხვა ვითარება და გამოწვევებია და ალბათ კოალიცია იქმნება იმიტომ, რომ გარკვეულ დროს დაიშალოს, როცა გარკვეული მიზნები მიღწეულია" – ასეთ კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლმენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე "გურია ნიუსთან" კოალიციის დაშლასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, დაშლაზე საუბარი სწორი არ არის, ჯერჯერობით იმაზე საუბრობენ, თუ როგორი უნდა იყოს პარტიების მონაწილეობა მომავალ არჩევნებზე :
"ქართულმა ოცნებამ" ისევე როგორც სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, განაცხადეს რომ მომავალ არჩევნებში ცალ-ცალკე სურთ გასვლა, მივცეთ შესაძლებლობა მათ თავისი მოსაზრებები და დამოკიდებულებები ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ ძალიან მკაფიოდ გამოხატონ და თავისუფალი არჩევანი გააკეთონ. ეს პირიქით უფრო მეტი განვითარების და დემოკრატიის მანიშნებელია, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პარტია არჩევნებზე გადის ცალკე, არჩვენებამდე კი ვცდილობთ, რომ ვიყოთ კოალიციურ რეჟიმში, სწორედ იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები და ქვეყნისთვისა და საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ამა თუ იმ კანონში, ამას კი სჭირდება სწორედ კოალიციური მუშაობა. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობები ერთად და ვალდებულები ვართ ქვეყანა განვავითაროთ ძალიან მშვიდობიანად და სტაბილურად. არ უნდა იყოს პრობლემა პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების და იმ რეფორმებს არ უნდა შეექმნას საფრთხე, რაც დავიწყეთ ყველამ ერთად "-ამბობს კობახიძე