"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით ქალაქ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის წინ ანსამბლ "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავის ომარ ხურციძის ვარსკვლავი იხსნება.
როგორც "გურია ნიუსისთვის" არის ცნობილი, ომარ ხურციძის ვარსკვლავის გახსნის იდეა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებით კავშირს ეკუთვნის.
ვარსკვლავის გახსნა 16 აპრილს არის დაგეგმილი და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაა.
"ღონისძიების დეტალები ამ ეტაპზე არ არის ცნობილი. ამ დღეებში ზუსტად გვეცოდინება ყველაფერი და აუცილებლად მიიღებენ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლები," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ქალაქ ოზურგეთის მერიის კულტურის, განათლების და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ.
ომარ ხურციძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, დამსახურებული პედაგოგი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ხელოვნების დარგში, ღირსების ორდენის კავალერი, სამი ათეული წლის მანძილზე ლეგენდარული ,"სუხიშვილების" უცვლელი სოლისტი, სხვადასხვა ფესტივალ-კონკურსების მონაწილე და გამარჯვებულია.