საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" ირგვლივ დაანონსებულ სიახლეებს და მითებს გვარიანი პრობლემები შეექმნა და 2 აპრილს, სამტრედიაში გამართული შეხვედრის შემდეგ სპონსორ – ლეგიონერების სამომავლო პერსპექტივები ეჭვის ქვეშ მოექცა.
საქართველოს ჩემპიონატის მორიგ ტურში "გურიას" კიდევ ერთი გამოცდა ელოდა, აუტსაიდერ და პირობითად მასპინძლის სტატუსის მქონე "ზუგდიდთან". ამ შეხვედრაში უნდა წარმოჩენილიყო ვიქტორ დემიდოვის კრებული რეალურად რას წარმოადგენდა, აკი წარმოჩინდა კიდეც და კვლავ უარყოფითი კუთხით. მორიგმა მარცხმა, თანაც ბოლოადგილოსანთან, მოთმინების ფიალა აუვსო გულშემატკივრებს. სამტრედიაშივე გაცხადდა პროტესტი და "ფირალების" მოთხოვნა კატეგორიული იყო – გადადგეს დემიდოვი მწვრთნელის პოსტიდან.
სხვათა შორის ამ დემარშს იმ დღეს ინციდენტიც მოყვა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მართალია სტადიონზე მყოფმა ადამიანებმა სიტუაცია მალე განმუხტეს, მაგრამ კლუბის მესვეურთა და გულშემატკივართა ურთიერთობა, დაძაბული დარჩა.
ორშაბათს დემიდოვის პოსტიდან წასვლის ინფორმაცია დილიდან გავრცელდა. კლუბის წარმომადგენლები თავიდან ადასტურებდნენ ამ ფაქტს, მაგრამ მერე უარყვეს ყველაფერი, თუმცა დღის ბოლოს გაირკვა, რომ "გურიას" ახალი მწვრთნელი, თემურ მახარაძე გაწვრთნიდა.
მართლაც სამშაბათს მახარაძემ უკვე ავარჯიშა გუნდი და გორის "დილასთან" საშინაო მატჩში სწორედ ამ სპეციალისტის თავკაცობით ითამაშეს გურულებმა. რაც შეეხება დემიდოვს, ის გასაშვებად მაინც არ გაიმეტეს და მწვრთნელის თანაშემწეობა უბოძეს.
რაც შეეხება მახარაძეს, ის გამოცდილი სპეციალისტია და 30 წელზე მეტია ფეხბურთში მოღვაწეობს. მისი თავკაცობით რუსთავის "ოლიმპი"ქვეყნის ჩემპიონი იყო 2010 წელს. ერთხელ თასიც აიღო "ზესტაფონთან" ერთად. ამას გარდა თასის ფინალი წაგებული აქვს სამჯერ, აქედან ორჯერ როგორც იმავე "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელს, ერთხელ კი – ბოლნისის "სიონის" დამრიგებელს.
თემურ მახარაძის კვალიფიკაცია ბევრჯერ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, მაგრამ ამ სპეციალისტს მუდამ თან სდევდა უიღბლობა და რაც მთავარია უცნაურობა იმ მხრივ, რომ მას საკმაოდ ბევრჯერ დაატოვებინეს ამა თუ იმ გუნდის მესაჭეობა მას შემდეგ, რაც იქ კარგ შედეგს მიაღწია.
ამ ბოლო წლებში ის ძლიერ გუნდში არ გვიხილავს და აგერ კვლავ ანდეს უმაღლესი ლიგის გუნდის მწვრთნელობა და თან როგორ კრიტიკულ სიტუაციაში. ფაქტია, რომ ამ მართლაც ერთერთი გამორჩეული მწვრთნელის საუკეთესო წლები ჩავლილია, ასაკის გამო მისი საფეხბურთო ფილოსოფიაც ცოტა არ იყოს მოძველებულია, თანაც დღევანდელ "გურიაში" საკმაოდ არაჯანსაღი ატმოსფეროა და საკმაოდ სარისკო საქმეა მისი მოყვანა, მაგრამ ვნახოთ, იქნებ "ბებერი ხარის რქებმა"თავისი გაიტანოს. ამის პირველი კონტური "დილასთან" ხვალინდელ მატჩში გამოჩნდება, სადაც პირდაპირ "ლომის ხახაში" მოუწევს მას და მის გუნდს რაიმეს დამტკიცება.