საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქალაქ ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის ნათია შარაშენიძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა.
ლეიბორისტმა დეპუტატმა ოზურგეთის მერს სახალხო დამცველის აპარატში გასულ წელს უჩივლა. მომჩივანი მერს ქსენოფობიურ განცხადებასა და მერიის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებდა.
2016 წლის 27 იანვარს თანასწორობის დეპატამენტის თანამშრომლებმა მხარეთა მონაწილეობით ზეპირი მოსმენა ჩაატარეს, სადაც ქალაქის მერიის მიერ წარდგენილი იქნა ყველა მტკიცებულება, (აუდიო და ფოტო მასალა), რომელიც ნათია შარაშენიძის ბრალდებებს პასუხობდა.
"ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი და სახალხო დამცველის მიერ მოპოვებული მასალების შესწავლისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ განსახილველ საქმეში დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონია ქალაქ ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძის მხრიდან. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ “საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტს საქმის წარმოებას."– წერია სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ დასკვნაში.
(R)