„ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო თანამდებობები გუშინ ოფიციალურად დატოვეს. ასევე შეიცვალა ფრაქციის სახელწოდებაც _ "ქართული ოცნება _ ეროვნული ფორუმი", პარლამენტში, მიმდინარე კვირიდან მხოლოდ "ეროვნული ფორუმი" იქნება. პარტიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის.
პარლამენტარებისგან განსხვავებით, პარტიის წევრები თანამდებობებს ინარჩუნებენ რეგიონებში.
_ არანაირად არ ვაპირებ თანამდებობის დატოვებას, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, „ეროვნული ფორუმის“ წევრმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ თამაზ ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ არ უერთდება:
_ ადგილებზე ასეთი რამ არ ხდება. ვრჩები თანამდებობაზე და ფორუმში ისე, როგორც ყველა რეგიონებში.
_ ბატონო თამაზ, ემზადებით ოპოზიციონერობისთვის?
_ წინასწარ ვერაფერს გეტყვით. რისთვისაც მოვემზადებით ამას მომავალი დაგვანახებს.
_ შესაძლოა რომ „ქართულ ოცნებაში“ გადახვიდეთ და ფორუმი დატოვოთ?
_ წინასწარ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
ოპოზიციაში წასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმის“ წევრებს. ფრაქციის თავმჯდომარის ქეთევან სიხარულიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები ახლა მიმდინარებს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი:
_ ამ ეტაპზე საკრებულოში ვრჩებით ისე, როგორც ვიყავით _ ფრაქცია „ქართული ოცნება-ეროვნული ფორუმი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
„ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელების მითითებებს ელოდება საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მარინე ბერაძეც.
_ პარტიიდან არ ყოფილა მითითება, რომ დავტოვოთ თანამდებობები. თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დავტოვებ თანამდებობას. ამ ეტაპზე კი ვმუშაობთ ისე, როგორც ადრე. ჩვენი პროგრამა "ქართული ოცნების" პროგრამის ნაწილია და შესაბამისად, ვმუშაობთ შეთანხმებით, _ გვითხრა ბერაძემ.