ქალაქ ოზურგეთის სტადიონის ყოფილი დირექტორი მურთაზ აბაშიძე ადგილობრივ ხელისუფლებას ზეწოლაში დიდი ხანია ადანაშაულებს. აბაშიძე, რომელიც სამივე ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ გათავისუფლებულად ცნო და მერს მისი სამსახურში აღდგენა დაავალა, ამბობს, რომ მის მიმართ დევნა ხორციელდება.
აბაშიძის თქმით, დღეს დაუკავშირდნენ მერიიდან და უთხრეს, რომ სამსახურში აღარ აღადგენდნენ. აბაშიძე, გუშინ, საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვნელებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერის განცხადება, რომლის თანახმადაც ის სტადიონზე აუდიტის სამსახურის შესვლის წინააღმდეგი იყო, აბსურდია:
_ მერი რომ ჩემს არაკვალიფიციურობაზე საუბრობს, თავად მას, როგორი კვალიფიკაცია აქვს? _ სტადიონის ორ დირექტორს ხელფასს რომ უხდის, ან სად და როდის შეამოწმა ჩემი კვალიფიკაცია?!
თავად აწერს ხელს არაკვალიფიციურ და მოუმზადებელ დოკუმენტებს, მაგალითად თოჯინების თეატრის წესდების საფუძვლზე გამათავისუფლა სტადიონის დირექტორობიდან. ამბობს თანამდებობას არ თანხმდებაო, რას დავთანხმდე _ არარსებულ თანამდებობას? სად გაგიგონიათ ერთ სტადიონს ორი დირექტორი ჰყავდეს?! _ აღნიშნავს აბაშიძე.
სტადიონის ყოფილი დირექტორმა მერის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა:
_ განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ჩემს მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება დისკრიმინაცია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან, რასაც ძალიან მშვიდად უყურებს "ქართული ოცნება", რომლის თავგადაკლული მხარმაჭერი ვიყავი.
მე ვარ უფლებაშელახული ადამიანი, რომელმაც თავის უფლებების აღსადგენად მიმართა სასამართლოს და პროკურატურას. ალბათ, ამიტომ დადგა ჩემი ფსიქოანალიზი დღის წესრიგში, რადგან, მათი გაგებით არასწორად ვიქცევი.
ჩემი მოთხოვნა აკვიატება არ გახლავთ, მე ვითხოვ ჩემი შელახული უფლებების აღდგენას, რომელსაც ვერ გაიგებს ადამიანი, რომლისათვის სკამი და ხელფასი ამ უფლებაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს. საარსრულებლო ფურცელი არ მიმიტანია არსრულების ბიუროში, ვფიქრობდი, რომ ამის აუცილებლობა არ იყო, თუმცა უკვე მივიტან, _ ამბობს აბაშიძე, რომელმაც პროკურატურას დღეს მიმართა:
_ უკვე შევიტანე პროკურატურაში განცხადება და ვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას. მე ვითხოვ პროკურატურამ დაადგინოს არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მერის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე, რომელიც ჩემს მიმართ ორი წელია ხორციელდება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას აბაშიძემ.
მურთაზ აბაშიძე აქციის გამართვასაც აპირებს და ოზურგეთელებს მხადრაჭერას სთხოვს:
_ მოვუწოდებ "ქართული ოცნებისაგან" უფლებაშელახულ ადამიანებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს შემომიერთდნენ, რაგანაც ვაპირებ საპროტესტო აქციის მოწყობას იმ უსამართლობების წინააღმდეგ, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქალაქში. "ქართული ოცნების" ხელიფულებაში მოსვლამ ვერ მოგვცა საშუალება კანონის, სასამართლოს და პროკურატურის საშუალებით დაგვეცვა ჩვენი უფლებები, _ აღნიშნა აბაშიძემ.
სტადიონის ყოფილი დირექტორის ბრალდებებს ბეგლარ სიორიძემაც უპასუხა და იგი სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა:
„მურთაზ აბაშიძე ცრუობს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით ამ შინაარსს შეტყობინებას აბაშიძე ვერ მიიღებდა. მსგავსი სატელეფონო ზარი ქალაქის მერიის მხრიდან არ განხორციელებულა.
უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან, ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ მურთაზ აბაშიძეს არაერთხელ შესთავაზა იგივე ანაზღაურებით, რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანებულ ა.(ა).ი.პ. – ში სხვადასხვა თანამდებობა, მათ შორის დირექტორის თანამდებობაც.
ყველა ამ შეთავაზებაზე მან უარი განაცხადა, მაშინ როდესაც მისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რეორგანიზაციის შედეგად გაუქმებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანამდებობა და გადაწყვეტილების აღსრულების სხვა გზა ფაქტობრივად არ არსებობს.
ბატონი მურთაზი ამ თემით სპეკულირებს და ცდილობს საზოგადოებაში ჩაგრულის იმიჯი დაიმკვიდროს. ავრცელებს სიცრუეს და სიცრუის აფიშირებით ცდილობს ქალაქ ოზურგეთში მერისა და მერიის მიერ განხორციელებულ წარმატებული საქმიანობიდან გამომდინარე საზოგადოებაში გაჩენილი კეთილგანწყობის შეცვლას. მისი ქმედებები ძალიან ჰგავს გაბოროტებული ადამიანის პირად შურისძიებას ან შურისმაძიებელთა ხელში იარაღად გამოყენებული პირის ქმედებებს, რომლის მიზანს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის დისკრედიტაცია და მისი კანონიერი საქმიანობისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს.
დღეის მდგომარეობით ბატონი მურთაზი არ არის დაინტერესებული დარღვეული უფლების აღდგენით. იგი არამართლზომიერად იყენებს თავის უფლებას, შეგნებულად გაჰყავს დრო, რათა თავისი ქმედებით ზიანი მიაყენოს ქალაქის მერს და მთლიანად მუნიციპალიტეტს.
ამის დასტურად საზოგადოებას მინდა ვაცნობო შემდეგი: ბატონი მურთაზის მოთხოვნით 2016 წლის 22 თებერვალს უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბატონი მურთაზი არ თანხმდება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შეთავაზებულ არცერთ თანამდებობას და ამ დრომდე არც სააღსრულებო ფურცელი წარუდგენია აღსრულების ბიუროში.
ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთოს დიალოგში და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყოს ქალაქ ოზურგეთში ფეხბურთის განვითარებას, იგი ადგილობრივ პრესაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების მოტყუებით და ამის საფუძველზე მის მიერვე მოტყუებული საზოგადოების თანაგრძნობის მოპოვებით არის დაკავებული.
მივმართავ უფლებადამცველ ორგანიზაციებს და შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ და შეისწავლონ არის თუ არა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ქმედებებში დისკრიმინაციის ან დევნის ფაქტები.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ცალსახად ადასტურებს მზადყოფნას, დღეს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ყველა შეთავაზება ძალაშია და ბატონი მურთაზ აბაშიძეს თანხმობის წარდგენის დღიდან შეუძლია დაიკავოს შეთავაზებული თანამდებობა.
რაც შეეხება დაანონსებულ აქციას ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ აქციის არსი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ პროტესტის გამოხატვაა.
გაუგებარია ამ შემთხვევაში რა საფუძვლი უნდა ქონდეს დაანონსებულ აქციას, ზემოაღნიშნული თვალსაზრისით აბსოლიტურად უშინაარსოა, თუმცა გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და ნებისმიერ პირს შეუძლია დაანონსებული აქციის მსგავსად უშინაარსო ფორმით ამ უფლების რეალიზება,“ _ აღნიშნულია ბეგლარ სიორიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.