კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის"კამპანია "სამართალი ითხოვს"დაიწყო. 34 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის კამპანიის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის, პოლიტიკური პარტიების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. კამპანიის მიზანია სასამართლო სისტემაზე კონტროლის გამყარების მცდელობის თავიდან აცილება და სასამართლოს პოლიტიკურ კლანური მმართველობისგან გათავისუფლება.
კოალიცია კამპანიის ფარგლებში კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს ის საკითხები, რომლებიც დღეს უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს არსებობისთვის.
"სამართალი ითხოვს" შეწყდეს მოსამართლეების დანიშვნა, გაუმჭვირვალე და უსამართლო გზებით; შეწყდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების დისციპლინური დევნა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და გამოირიცხოს სასამართლოს წინააღმდეგ პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შანსი; მართლმსაჯულება დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა აღასრულონ, მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება მოხდეს შემთხვევითობის წესით, რითიც თავიდან მოხდება აცილება საქმეების მართული მოსამართლეების მიერ წარმოება", _ აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.
პრეზენტაციაზე მიწვეული სტუმრები შეუერთდნენ კამპანია "სამართალი ითხოვს"შემუშავებულ პეტიციას. პეტიცია შემდეგი შინაარსის არის:
"ჩვენ პეტიციაზე ხელმომწერები მივმართავთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება; ასევე მივმართავთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მოსამართლის დანიშვნის, გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის შესაქმნელად. დღეს საზოგადოება მომსწრეა სასამართლო სისტემაში მიმდინარე კრიზისული მოვლენების, რაც უპირველესად უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და თვითნებური გადაწყვეტილებების მიღებას არაჯანსაღი და ხარვეზიანი პროცესის გზით. მოსამართლეების დანიშვნის, დაწინაურების, დისციპლინური დევნის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება არაობიექტურ გარემოებებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით, არამედ ძალაუფლების მქონე სხვადასხვა ჯგუფის ინეტერესების შესაბამისად, მათი ერთმანეთთან კულუარული გარიგებების გზით. განვითარებულ კრიზისს, მოსამართლეებზე არაჯანსაღი გავლენის მოხდენა და კონკრეტული ჯგუფების მიერ კონტროლის გამყარებას ხელს უწყობს ხარვეზიანი კანონმდებლობა, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე; საბჭო გვერდს უვლის კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კრიტერიუმების შემოწმებას და არ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს საუკეთესო კანდიდატურების შესარჩევად;
მოსამართლის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. არსებული კანონმდებლობა, ისევე როგორც საბჭოს გადაწყვეტილებები, საფრთხეს უქმნის სამართლიანი სასამართლოს შექმნას და თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას და ინტერესს, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ. არსებულ პირობებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება გააღრმავებს კრიზისს და კიდევ უფრო დაგვაშორებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნის იდეისგან. ამდენად, აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის დაუყოვნებლივ შეცვლა. მოსამართლეთა კორპუსის მნიშვნელოვან ნაწილს უფლებამოსილების სწორედ ამ პერიოდში ამოეწურა, ან უახლოეს თვეებში ეწურება. ვაკანტური ადგილების არსებული უსამართლო და არაკონსტიტუციური პროცესის გზით შევსება კი აზრს უკარგავს შემდეგში კანონმდებლობის გაუმჯობესებას, რასაც პოზიტიური გავლენა ვეღარ ექნება სასამართლოს სათანადო კადრებით დაკომპლექტებაზე. სწორედ ამიტომ დღეს პეტიციაზე ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შეჩერდეს არაკონსტიტუციური გზით მოსამართლეთა დანიშვნა სასამართლო სისტემაში და პროცესი გაგრძელდეს მხოლოდ სათანადო კანონმდებლობის შექმნის შემდეგ; ხელისუფლებამ უმოკლეს ვადებში დაიწყოს მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის რეალური რეფორმა", _ ნათქვამია პეტიციაში, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხელმოწერა.