დღეს ხელვაჩაურში, ყოფილი 53 სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული "ოცნების ქალაქში" მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს სისტემატური ხასიათი ექნება და გაგრძელდება მანამ, სამან ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.
"აქციის მიზეზი არის სახალხო დამცველის განცხადებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საპასუხო განცხადება, რომ თითქოს მხოლოდ 10 პროცენტს ეკუთვნის დახმარება, თუმცა დღემდე არავინ იცის ვინ შედის ამ 10 პროცენტში და საერთოდ როდის დაიდება დასკვნა, რომლითაც უკვე 4 წელია აპელირებს ხელისუფლება. ასობით სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ეკომიგრანტი და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს და ხელისუფლება დღემდე ვერ იღებს ზომებს. ხელისუფლება ამბობს მხოლოდ იმას, რომ აქ მცხოვრებთა 90 პროცენტს არ ეკუთვნის ბინებით დაკმაყოფილება. არ არის გამორიცხული,რომ აქ შეძლებული ოჯახიც იყოს, თუმცა იმათთანაც არ არის კონკრეტული მიდგომა ხელისუფლებიდან. დაიწყება გამაფრთხილებელი აქცია, სანამ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება." – გვითხრა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.
"მინდა მივმართო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ ხაბაძეს და ველოდები სწრაფ რეაგირებას.
მიმდინარე წლის 1 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის ანგარიშში ახსენა ეგრეთწოდებულ "ოცნების ქალაქში" მცხოვრებთა მდგომარეობა და ამ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები. მან თქვა, რომ მუყაოს ქალაქში მცხოვრებთა მდგომარეობა ისევ პრობლემად რჩება და არ არის გარკვეული, თუ ვის როგორ ეხმარება ხელისუფლება."- ამბობს ჩვენთან საუბრის დროს "ოცნების ქალაქში" მცხოვრები როინ გუნდაძე.
მისივე თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საპასუხოდ განაცხადა, რომ 1. თურმე ოცნების ქალაქში მცხოვრებთა უმრავლესობას არაფერი უჭირს და დახმარება სჭირდება მხოლოდ 10 პროცენტს, 2. თურმე სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს კატეგორიებად დაყოფილი, ვის რა დახმარება ეკუთვნის და უნდა გადასცეს აჭარის მთავრობას. 3. თურმე სახალხო დამცველს უნდა გადაემოწმებინა, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არა.
"მე ვეკითხები ბატონ არჩილს, აჭარის ხელისუფლებამ თუ სთხოვა დახმარება სახალხო დამცველს ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ მიმართა აჭარის მთავრობამ სახალხო დამცველის გარდა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით, ოცნების ქალაქში მცხოვრებთა მდგომარეობა შეესწავლათ? ბატონო არჩილ, თქვენ საერთოდ თუ გაინტერესებთ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები? თუ გიფიქრიათ იმაზე, მომავალი ცხელი ზაფხული ბავშვებმა როგორ უნდა გადაიტანონ? ოცნების ქალაქი არის ერთ -ერთი ეპიდემიის ცენტრი, საიდანაც შესაძლოა გავრცელდეს ეპიდემია და ბავშვებს რაიმე ვირუსი შეეყაროთ. დაავადებული ბავშვები როგორ უნდა განიკურნოს ან საერთოდ თუ გიფიქრიათ ამ ტერიტორიის შეწამლვა, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ვფიქრობთ რომ აჭარის ხელისუფლებას არ აინტერესებს არც "ოცნების ქალაქი" და არც აქ მცხოვრებთა ბედი," – თქვა ჩვენთან საუბრის დროს როინ გუნდაძემ.