უცნობი ციური სხეული შეეჯახა იუპიტერს: მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის დისკოზე კაშკაშა ნათება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა ორმა მოყვარულმა ასტრონომმა.
"3 აპრილს, დაახლოებით 20 საათსა და 31 წუთზე გრინვიჩით, იუპიტერზე გამოჩნდა დიდი ცეცხლოვანი სფერო", – იტყობინება თავის საიტზე ავსტრალიელი ასტრონომი ენტონი უესლი. მან და მისმა კოლეგამ ფილიპინებიდან ქრისტოფერ გოუმ, შეძლეს ნათელი ლაქის სურათებისა და მოკლე ვიდეორგოლის გადაღება.
"ვერ დამიჯერებია, რომ შევძელი, პირდაპირ ეთერში გადამეღო ციური სხეულის იუპიტერზე დაცემა", – ამბობს გოუ. ჯერ კიდევ გაუგებარია, რომელმა ციურმა სხეულმა გამოიწვია ეს აფეთქება, ასტეროიდმა თუ კომეტამ.
მსგავსი მოვლენა ასტრონომებმა 2009 წლის ზაფხულში დააფიქსირეს და მის შესახებ პირველმა უესლიმ განაცხადა. შემდეგ საიდუმლოებით მოცული შავი ლაქის შესწავლას შეუდგა ასტრონომების ჯგუფი, რომელიც კოსმოსურ ტელესკოპ "ჰაბლზე" მუშაობდა. იუპიტერის შეჯახებას სხვა ციურ სხეულებთან აკვირდებოდნენ 15 წლის წინათაც, როდესაც გაზური გიგანტის გრავიტაციულმა ველმა ჩაიჭირა კომეტა "შუმეიკერ-ლევი 9". შეჯახების შედეგად კომეტა რამდენიმე მსხვილ ნაწილად დაიმსხვრა და პლანეტის ზედაპირზე შავი ლაქების წარმოქმნა გამოიწვია.