აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიის ეთერში ამბობს, რომ მთავრობა მხოლოდ ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრებთა ერთ ნაწილს დაეხმარება.
"ჩვენ გვაქვს მოსაზრება, რომ აქ მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 10% ეკუთვნის დახმარება და ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა დაეხმაროს ამ ადამიანებს. 90% ჩვენი მოსაზრებით არის ის კატეგორია, რომელსაც სახელმწიფო ვერ დაეხმარება. მათ აქვთ თავშესაფარი, საცხოვრებელი ადგილი სოფლად, რაიონში თუ ქალაქში."– თქვა არჩილ ხაბაძემ.
დღეს ხელვაჩაურში, ყოფილი 53 სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე, ეგრეთწოდებული "ოცნების ქალაქში" მცხოვრებმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლებს სისტემატური ხასიათი ექნება და გაგრძელდება მანამ, სამან ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს.
"აქციის მიზეზი არის სახალხო დამცველის განცხადებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საპასუხო განცხადება, რომ თითქოს მხოლოდ 10 პროცენტს ეკუთვნის დახმარება, თუმცა დღემდე არავინ იცის ვინ შედის ამ 10 პროცენტში და საერთოდ როდის დაიდება დასკვნა, რომლითაც უკვე 4 წელია აპელირებს ხელისუფლება. ასობით სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, ეკომიგრანტი და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახი არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს და ხელისუფლება დღემდე ვერ იღებს ზომებს. ხელისუფლება ამბობს მხოლოდ იმას, რომ აქ მცხოვრებთა 90 პროცენტს არ ეკუთვნის ბინებით დაკმაყოფილება. არ არის გამორიცხული,რომ აქ შეძლებული ოჯახიც იყოს, თუმცა იმათთანაც არ არის კონკრეტული მიდგომა ხელისუფლებიდან. დაიწყება გამაფრთხილებელი აქცია, სანამ არ მოხდება ამ პრობლემის მოგვარება." – გვითხრა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ.