საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, თუმცა პრემიერს მიაჩნია, რომ მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"არ ვამბობ, რომ ამ პროექტმა არ გაამართლა, ეს არის ყველაზე წარმატებული რეფორმა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გაატარა. ნებისმიერ პროექტს სჭირდება კორექტირება დროთა განმავლობაში და ასეთი კორექტირებები სჭირდება ამ პროექტსაც, იმისათვის, რომ თითოეული დახარჯული თეთრი იყოს უფრო ეფექტურად გამოყენებული. რაც ნიშნავს, რომ მათ, ვისაც მეტი საჭიროება აქვს, მიიღონ მეტი და თავად მოქალაქეებს, როლებსაც აქვთ საკუთარი ჯანდაცვის უზრუნველყოფის მეტი შესაძლებლობა, მიიღონ შედარებით მოკრძალებული პაკეტი.
მინისტრებს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეთ საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი. მინისტრები საკუთარი შემოსავლებით უნდა უზრუნველყოფდნენ საკუთარ ჯანდაცვას და მე მაქვს დღეს კერძო ჯანდაცვის პაკეტი, არ ვსარგებლობ საყოველთაო ჯანდაცვით. ადამიანებს, ვისაც გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, რომ საკუთარი ჯანდაცვა თავად უზრუნველყონ, არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო ჯანდაცვის მხრიდან დაფარვა. ეს არის სწორი, ჩემი აზრით, და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს მეტად ეფექტური პაკეტი შევთავაზოთ", _ განაცხადა კვირიკაშვილმა.