"ჩვენ არ გვაქვს განწყობა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსი გამოვიყენოთ. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს მახინჯი, ავადმყოფური მისწრაფება ჩინოვნიკისა, რომ აკონტროლოს ოპონენტი, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს მის წინააღმდეგ, ამოიძირკვოს ამ ქვეყანაში. მე პირადად მაქვს ზიზღი ამისა" _ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ ამ განცხადებებს დღეს საგანგებო ბრიფინგით უპასუხეს პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდში".
ფონდის წარმომადეგნელის, ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ბევრ რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, შეხვედრების ხელისშეშლის ფაქტი დაფიქსირდა.
" ყარაჯალაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტობუსთან არ მიუშვა ხალხი ჩვენთან შეხვედრაზე წამოსასვლელად; ახმეტაში მაჟორიტარი დეპუტატი ზვიადაური რამდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობდა დარბაზის გარშემო, სადაც ჩვენი შეხვედრა უნდა შემდგარიყო მოსახლეობასთან და ხელს უშლიდა მოსახლეობის შეხვედრაზე მოსვლას;
ახალქალაქში ჩვენს თანამშრომლებს მუდმივად დაჰყვებოდა 4 მანქანა და ახორციელებდა ვიდეო-გადაღებას, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი მაჟორიტარის და "ქართული ოცნების" მომავალი კანდიდატის შვილის, რომელიც ამავდროულად ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს;
ტყიბულში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს აუკრძალეს ჩვენთან შეხვედრაზე მოსვლა;
ლენტეხში ადგილობრივმა ხელისუფლებამ აიძულა მათივე თანამშრომელი უარი ეთქვა ჩვენთვის ოფისის დათმობაზე.
ხაზს ვუსვამ, საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების აქტივობებზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატების და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით, ხოლო ახალქალაქის შემთხვევაში, ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელზე", _ აღნიშნა ლაგაზიძემ.
მანვე პრემიერს სთხოვა პირად კონტროლზე აიყვანოს, ოზურგეთში გასამართი რიგგარეშე არჩევნები:
_ მინდა პირადად ვთხოვო პრემიერს, კონტროლზე აიყვანოს ოზურგეთში საკრებულოს გამოკლებული დეპუტატის არჩევნები. ჩვენს ოფისს უკვე მიმართეს კანდიდატებმა. იქ ფიქსირდება არაერთი შემთხვევა, როდესაც კოორდინატორებს აშინებენ, _ თქვა ლაგაზიძემ.