თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის გადაწყვეტილებით, ირთვული მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობისა და განკარგვის ფაქტზე ბრალდებულების მ.მ.-ს, ჰ.ჰ-ს, ა.გ.-ს, მ.ც.-ს, თ.ბ.-ს და ს.ლ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
"საქმის მასალების თანახმად ბრალდებულებმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული რადიოაქტიური მასალის სატრანსპორტო კონტეინერი, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას (U238) ურან 238-ს, ე.წ. გაღარიბებულ ურანს, რომელიც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება. ხსენებულ ბირთვულ მასალას ბრალდებულები მ.ც.-ს საცხოვრებელ ბინაში ინახავდნენ და 2016 წლის 14 აპრილს შეეცადნენ მის რეალიზაციას 200 000 000 აშშ დოლარად, რა დროსაც ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის შესაძლო ჩადენა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ 5-დან 10 წლამდე ვადით. ამასთანავე ბრალდებულები მ.მ., ჰ.ჰ. და ა.გ. არიან სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ბრალდებულების მ.ც.-ს, თ.ბ.-ს და ს.ლ.-ს საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცით დასტურდება, რომ ისინი ინტენსიურად ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. გამომდინარე აქედან, საქართველოს საზღვრების დატოვების მოხერხების შემთხვევაში არსებობს მათი მიმალვის საფრთხე, რაც ხელს შეუშლის განაჩენის აღსრულების უზრუნველყოფას.
სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ გამოძიების მიერ დასადგენია ამოღებული ნივთიერების წარმომავლობა, ხოლო მისი წესების დაცვის გარეშე შენახვამ, უკანონო განკარგვამ და გამოყენებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი გამოიწვიოს.
შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მისაღწევად სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა პატიმრობის გამოყენება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი მხრიდან მიმალვის, გამოძიებასა და სასამართლოსათვის თავის არიდების, განაჩენის აღუსრულებლობის და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხე.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 7 ივნისს 12 საათზე გაიმართება", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
სუს-მა ბირთვული მასალა ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა