ტელეკომპანია "მაესტროს" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასრულა მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელის განხილვა მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ, შ.პ.ს. "სტუდია მაესტრო"-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი წილიდან 10% წილის მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
სასამართლოს ინფორმაციით, აკობიასა და ღლონტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში იყო ლევან ჩიკვაიძის, გიორგი ებრალიძის, მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელი მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ შ.პ.ს. "სტუდია მაესტრო"-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი 25% წილის მესაკუთრედ ცნობის შესახებ. საქმის განსახილველად მომზადების სტადიაზე მოსარჩელეებმა – ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ უარი თქვეს სარჩელზე და მათი მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, ხოლო 2016 წლის 18 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას სარჩელისა გამო სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ, შ.პ.ს. "სტუდია მაესტრო"-ს კაპიტალში გიორგი გაჩეჩილაძის კუთვნილი წილიდან 10% წილის მამუკა ღლონტის და ეკატერინე აკობიას საკუთრებაში გადაცემის შესახებ და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, ხოლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეებს შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. სასამართლო შეზღუდული არ არის მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი შეფასებით და სამართლის ნორმების გამოყენების სფერო განეკუთვნება სასამართლოს უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს თავი შეიკავონ იმ ტიპის განცხადებების გავრცელებისგან, რომლითაც ახდენენ სასამართლოს პოზიცირებას მხარის სასარგებლოდ", _ აღნიშნულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.