სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში ტოშიო კაიტანს შეხვდა. შეხვედრა იაპონიის ელჩთან პირველად შედგა და მასში სამინისტროს პენიტენციური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.
კახა კახიშვილმა ტოშიო კაიტანს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო და იაპონიისა და საქართველოს სასჯელაღსრულების უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით გადანაწილების პროცესი ცოტა ხნის წინ დაინერგა, იაპონიაში კი, ეს მოდელი უკვე დახვეწილია და შესაბამისად, ამ კუთხით იაპონური გამოცდილების გაზიარება ძალიან სასარგებლო იქნება. შესაძლებელია დაიგეგმოს თანამშრომლობა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან. ასევე, ქართული მხარე გაეცნოს იაპონიის გამოცდილებას პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სისტემების მოწყობასთან და შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობასთან დაკავშირებით.
კახა კახიშვილმა სახელმწიფოებრივ დონეზე ბოლო წლებში საქართველო-იაპონიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, იაპონია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ასეთივე წარმატებით ითანამშრომლებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში საქართველოს და იაპონიის შესაბამისი უწყებები. იაპონიაში სასჯელაღსრულების სისტემა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
"იაპონიის ელჩთან საქართველოში ტოშიო კაიტანთან დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, იაპონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და მადლიერება გამოვხატეთ მათი მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად, იმედი გამოვთქვით, რომ საელჩოს დახმარებით შევძლებთ და დავამყარებთ კონტაქტებს იაპონიაში სასჯელაღსრულების სისტემის თანამდებობის პირებთან. ასეთი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააახლოვებს" – განაცხადა კახა კახიშვილმა და ელჩს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროს მიმართ დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში იაპონიის ელჩმა ტოშიო კაიტანმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავების სურვილი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმირების კუთხით მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოწინავე ადგილს იკავებს. მან შესაბამის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიღებულ ინფორმაციას იაპონიის იუსტიციის სამინისტროს გააცნობს.
"მოხარული ვარ, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შევხვდი. ჩვენ ინფორმაცია და მოსაზრებები გავცვალეთ. საქართველო ძალიან ბევრ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციებს იკავებს, მათ შორისაა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფერო. იაპონიასთან ურთიერთობების საკითხზე მინისტრისგან რამდენიმე წინადადება მივიღეთ, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები წინ წავწიო", – განაცხადა ტოშიო კაიტანმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა იაპონიის იუსტიციის მინისტრი და შესაბამისი თანამდებობის პირები საქართველოში, ხოლო იაპონიის ელჩი ხვალ პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მონიტორინგის ცენტრის გახსნაზე მიიწვია.
შეხვედრის შემდეგ იაპონიის ელჩმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამოფენილი ფოტოები დაათვალიერა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე და 2012 წლიდან რეფორმების შემდეგ არსებულ ვითარებას ასახავს.
(R)