ტელეკომანია "იმედის" გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.
"ბატონი შალვა რამიშვილი განაგრძობს თავის ცილისმწამებლურ კამპანიას ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ, რათა გადაფაროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზი.
ბოლო კვირის განმავლობაში ბატონი რამიშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტელეიმედთან, მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ანგარიშის დაფარვაზე. ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელზე მუშაობის პროცესშიც შალვა რამიშვილმა ტელევიზიის და თავისი ადვოკატების თანდასწრებით წერილობით დააფიქსირა, რომ მას "არ გააჩნია არანაირი პრეტენზია ტელევიზიის, მისი დამფუძნებლების, აფილირებული და დაკავშირებული პირების მიმართ", არ გახსენებია რა ჩემს მიერ განხორციელებული ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რითაც დღეს აპელირებს.
ეთიკური და სხვა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა იმ ჩანაწერის გასაჯაროება, რომელიც თათია სამხარაძემ მომასმენინა. მაგრამ რადგან შალვა რამიშვილმა პოლიტიკური დევნილის იმიჯის მორგება გადაწყვიტა, მე მოვითხოვ თათია სამხარაძისა და შალვა რამიშვილისგან გაასაჯაროვონ მრავალჯერ ნახსენები აუდიოჩანაწერი. რის შემდეგაც ცხადი გახდება შალვა რამიშვილთან ხელშეკრულების გაწყვეტის რეალური მიზეზი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ რაც მე მოვისმინე საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეწყდეს საქმიანი ურთიერთობა", _ აღნიშნულია ბახტაძის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
"ეს ქართული მედიის ახალი ჩრდილოვანი მმართველების ჩადენილია"
"წინ გველის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები" _ შალვა რამიშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს