სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ქობულეთში ბირთვული მასალის – რადიოაქტიური ნივთიერება ურანის უკანონო გასაღების ფაქტზე საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.
აღნიშნული პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც მათ ბირთვული მასალა გასაღების მიზნით ქობულეთში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მიიტანეს. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ აშშ დოლარად აპირებდნენ.
ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, საერთო წონით 1,665 გრ, შეიცავს 2 რადიოაქტიურ იზოტოპს: ურან 238-სა და მცირე ოდენობით 0,23 პროცენტ ურან 235-ს, რომლებიც მიეკუთვნებიან ბირთვულ მასალათა კატეგორიას. რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ საგნებთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
გამოძიება ბირთვული მასალისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით საქმეზე დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა.