დარწმუნებული ვარ, “რესპუბლიკურ პარტიას” ბარიერის პრობლემა არ ექნება. არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ერთპარტიული მთავრობა სჭირდება თუ – კოალიციური, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა 2030-ში.
“არჩევნების შედეგები გვაჩვენებს, სად იქნება “ქართული ოცნება”, “რესპუბლიკური პარტია” და შემდეგ უკვე, როგორი იქნება პარტიათა შორის მოლაპარაკებების რეჟიმი”, -განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის შესაძლოა, ბოლომდე გასაგები არ არის, რა ხდება, რადგან ასეთი ვითარება მისთვის პირველი შემთხვევაა, როცა არსებობს სახელისუფლებო პარტია, ოპოზიციური პარტიები და კიდევ არსებობს პარტია, რომელიც კოალიციის პარტნიორია და, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციაში არ არის, მაგრამ კონკურენტულ რეჟიმში შეეცდება, დაამტკიცოს, რომ გარკვეულ საკითხებზე მას უფრო სწორი ხედვები აქვს და ქვეყანას უფრო სწორ გზაზე გაიყვანს, ვიდრე ის პოლიტიკა, რაც ამწუთას ხორციელდება.
“ოპოზიციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივი იყო, მაგრამ პარლამენტში ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ამ ნაბიჯით მთავრობას ვშლიდით და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იქმნებოდა. უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი საარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტურად აწყობაზე ზრუნავს, ამას გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. კოალიციიდან წინასაარჩევნოდ იმიტომ არ წავედით, რომ ჩვენი მოსახლეობის არჩევანს პატივს ვცემთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წყარო: http:2030.news