"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის წევრის, გიორგი ვაშაძის მიერ გუნდის დატოვებას განცხადებით ეხმაურება.
"გურია ნიუსი" პარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პარტიის პოლიტსაბჭოზე ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი. ამის გამო ფრაქციის და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს დაუთმონ, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამარჯვების შემდგომ ქვეყნის რეფორმირებაში.
ამ ფონზე, გიორგი ვაშაძის, ან ნებისმიერის სურვილი – აუცილებლად წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო სიის ათეულში, გაზიარებული არ იქნა. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია.
ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში, ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება. ვინც საკუთარი ამბიციებისა და ამით უმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის. ჩვენს მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებზე დავამარცხებთ", _ აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის მიზეზეზად "დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას" ასახელებს.
მისივე თქმით, ის ემიჯნება "შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსებს", რომლებმაც, ვაშაძის აზრით პოლიტიკა უნდა დატოვონ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით ის ახალ მოძრაობას ქმნის, რომელსაც "წარმატებული საქართველოსთვის" ერქმევა.
ამავე თემაზე:
"თავად არის ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირე" _ რატომ დატოვა ვაშაძემ "ნაციონალები"
გიორგი ვაშაძე "ნაციონალებს" ტოვებს და ახალ მოძრაობას ქმნის