საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელს არ ეთანხმება.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განუცხადა.
როგორც მიქელაძე ამბობს, ცესკო დეტალურ კომენტარს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთებს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი არგუმენტები და შესაბამისი მტკიცებულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რადგან არ არის სასამართლო პროცესი დასრულებული, სასამართლოს არ გამოუცხადებია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კომენტარს გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გასაჯაროვდება. არ გვინდა ჩვენი განცხადება აღქმული იყოს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობად. მას შემდეგ, რაც სასამართლო 18 მაისს გამოაქვეყნებს სარეზოლუციო ნაწილს, გავაკეთებთ დეტალურ კომენტარს", _ აღნიშნავს მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ადვოკატებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სასამართლომ "ახალგაზრდა ადვოკატების" ხუთი შუამდგომლობიდან, ხუთივე დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ქვეყანაში, საბიუჯეტო ფულით, ე.წ. "ჩაწყობილი გრანტების" ეპოქა უნდა დასრულდეს და პროცესი გახდეს გამჭვირვალე, ნამდვილი, ობიექტური".
"ბიუჯეტის ფული არ არის არც სწავლების ცენტრის დირექტორის პირადი მოხმარების საგანი, რომ მან საკონკურსო კომისიის სახელით, მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს, რომლებიც დღემდე გამოირჩევიან პარტიული კუთვნილებით ან ორგანიზაციები, რომლებსაც სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირველ პირებთან ახლობლურ–მეგობრული ურთიერთობები გააჩნიათ”, _ აცხადებს, "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.
2016 წლის 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მიმართ, "ახალგაზრდა ადვოკატების" პრეცენდენტულ დავაზე, საქმისწარმოება უკვე დაასრულა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ "ახალგაზრდა ადვოკატების" უკვე ხუთი შუამდგომლობიდან, ხუთივე დააკმაყოფილა.
საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი 2016 წლის 18 მაისს გამოაქვეყნდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ადვოკატების მიერ სადავოდ იყო გამხდარი კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება და იმ ორგანიზაციებისთვის გრანტების მიცემა, რომლებზეც 2015 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 1 იანვარი-2014 წლის 31 დეკემბრის საქმიანობას ეხება. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული გრანტების საერთო მოცულობამ 1,244.1 ათასი ლარი, ხოლო 2014 წელს 1,511.5 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ გაურკვეველია რამდენად მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად იხარჯებოდა გრანტები ამ ორგანიზაციების მიერ.
თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ცესკოს სწავლების ცენტრმა აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. საჩივრის განხილვის შემდეგ, აუდიტის სამსახურმა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა დასწავლების ცენტრის საჩივრი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
2015 წის 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ გასაჩივრებული აუდიტის ანგარიში არ შეიცავს აუდიტის მასშტაბიდან გამომდინარე შესაბამისი კრიტერიუმების, გარემოებებისა და მტკიცებულებების განხილვასა და ანალიზს, რაზე დაყრდნობითაც გამოითქვა აუდიტორული მოსაზრება იმის შესახებ, რომ აუდიტორი ვერ დარწმუნდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან საგრანტო თანხების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად მიზნობრივად, ეფექტიანად და დასაბუთებულად ხარჯვაში. ამასთანავე, აუდიტის ანგარიშის ამ ნაწილში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები რიგ შემთხვევებში შეიცავს არსებით უზუსტობებს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
"საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა–განმარტებების მოსმენის, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების წერილობითი მომართვების განხილვის, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გამოკვლევის, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე პრეზიდიუმი მივიდა დასკვნამდე, რომ სწავლების ცენტრის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემული საგრანტო თანხების ხარჯვა შესაბამისობაშია საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და ბიუჯეტთან", _ აღნიშნულია პრეზიდიუმის გადაწყვეტილებაში.
ამავე თემაზე:
"ჩაწყობილი გრანტები" ბიუჯეტის ფულით – "ახალგაზრდა ადვოკატები" ცესკოს წინააღმდეგ