საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს 2015 წლის განმავლობაში და 2016 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საზღვარგარეთ 24 ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. ჯამში კი, მან მივლინებისთვის 186 800 ლარი დახარჯა.
საქართველოს პარლამენტიდან „გურია ნიუსის“ მიერ გამოთხოვილი ინფორაციის თანახმად, დავით უსუფაშვილს 2016 წელს 6 ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა: რიგაში, პოლონეთში, ტოკიოში, სეულში, ელ-დიარდში და ელ-ქუვეითში.
ვიზიტებისთვის კი მან ჯამში 47 639.86 ლარი დახარჯა და საზღვარგარეთ 17 დღე გაატარა.
ყველაზე ძვირი უსუფაშვილის ტოკიოში ვიზიტი დაჯდა – 28 277 ლარი, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, 3 დღის განმავლობაში, 20-დან 23 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა.
რაც შეეხება 2015 წელს, უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საზღვარგარეთ 18-ჯერ იმყოფებოდა. მათ შორის, შეერთებულ შტატებში სამჯერ, რისთვისაც მხოლოდ ამ ვიზიტებისთვის ჯამში 57 660.28 ლარი დაიხარჯა. უსუფაშვილის ვიზიტი აშშ-ში ორჯერ 19 000-19000 ლარი, ხოლო ერთი ვიზიტი 18 000 ლარზე მეტი დაჯდა. 2015 წლის განმავლობაში კი, მან შტატებში 21 დღე გაატარა.
რაც შეეხება 2015 წელს, უსუფაშვილის მივლინებებისთვის დახარჯულ საერთო თანხას, პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციით, ეს ჯამში 139 161 ლარია.
„გურია ნიუსი“ პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მივლინებებში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.