საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ძალისხმევით 6 მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე, მასშტაბური სპორტული ღონისძიება ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი-"BZHUZHA RACE" ტარდება.
ამ დროისთვის დარეგისტრირებულია 11 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია) წარმომადგენელი 42 სპორტსმენი.
ამ წუთებში კი ქალაქ ოზურგეთის ცენტრში ღონისძიების გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები ესწრებიან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ექსტრემალური შეჯიბრი საქართველოში არ ჩატარებულა. ფედერაციის პარტნიორები და თანაორგანიზატორები არიან მსოფლიოს გამოჩენილი კაიაკერების ჯგუფი, რომლებიც რანგით მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში შედიან და წარმოადგენენ Adidas Outdoor – ის გუნდს, რაც აღნიშნულ ღონისძიებას სტატუსსა და მსოფლიოს მასშტაბით ცნობადობას მატებს.
დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს სამომავლოდ მდინარე ბჟუჟზე სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და თავად მდინარის ეკოლოგიის გაუმჯობესებას.