საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე 2015 წელს იანვრიდან 2016 წლის მაისამდე საზღვარგარეთ 19 ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ჯამში კი, მან მივლინებებისთვის 98 364.95 ლარი დახარჯა.
"გურია ნიუსის" მიერ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2015 წელს, მანანა კობახიძეს 15 ოფიციალური ვიზიტი, ხოლო 2016 წლის 4 თვეში მას საზღვარგარეთ 4 ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა.
ჯამში მან საზღვარგარეთ ვიზიტებში 74 დღე გაატარა.
როგორც პარლამენტიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, მანანა კობახიძეს 2015 წელს ყველაზე ძვირი სტრასბურგში ვიზიტი დაუჯდა – 13 911 ლარი, რომელიც 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე გაგრძელდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მანანა კობახიძის ყველაზე ძვირიანი მივლინება 8-11 მარტს, პარიზში იყო, რაც ჯამში ბიუჯეტს 11 178.77 ლარი დაუჯდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კობახიძემ პარიზის ვიზიტს პირდაპირ გადააბა ნიუ-იორკის ოფიციალური ვიზიტიც, რომელიც 11-დან 20 მარტამდე გაგრძელდა და ის 8 966.17 ლარი დაჯდა.
"გურია ნიუსი" პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა მივლინებებში დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე: